• 25.01.2020

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს

 საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალაქის მშენებლობას იწყებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაში დაეხმარება. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეები საცხოვრებელი ფართის შეძენას უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

განხორციელდა არსებული საბინაო პოლიტიკის სრული მოდიფიცირება და არსებითად გაუმჯობესდა პროგრამა. ახალი პროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეებს ფინანსური ვალდებულებები მაქსიმალურად შეუმსუბუქდებათ. კერძოდ, თუ მათ უწევდათ ღირებულების 60%-ის დაფარვა, ახალი პირობებით 50%-იანი თანამონაწილეობის პრინციპი იმოქმედებს. კერძო კომპანიის ნაცვლად, მშენებლობას თავდაცვის უწყების სამშენებლო კომპანია განახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თვითღირებულებას. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება 200 დოლარი იქნება და სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს ექნებათ საშუალება არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.

ამ ეტაპზე პროექტი შეეხება ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს. გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები უპრეცედენტო შეთავაზებას მაქსიმალურად სამართლიანი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ.

პროექტი გაგრძელდება და შეუქცევადი გახდება. მინისტრის ბრძანებით დამტკიცდება გრძელვადიანი, განგრძობითი ბინათმშენებლობის პროგრამა, რაც მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს.

მსგავსი ამბები