• 16.12.2019

გერმანიაში სპეციალურად საქართველოსთვის 30 სახანძრო მანქანა დაამზადეს – ფოტო

 გერმანიაში სპეციალურად საქართველოსთვის 30 სახანძრო მანქანა დაამზადეს – ფოტო

საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ ნაყიდი 30 სახანძრო მანქანის ინსპექტირება გერმანიის ქალაქ ულმში დასრულდა. ინსპექტირება სპეციალურმა მანქანებმა “მაგირუსის” ქარხანაში გაიარეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  “მაგირუსის” ფირმის სახანძრო ტექნიკა  მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო. სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის.

ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე,  დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა.”მაგირუსის” სახანძრო ტექნიკა განთავსებულია “ივეკოს” ფირმის საავტომობილო შასზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა საქართველოში წლის ბოლომდე ჩამოვა. „მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით“, – აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

მსგავსი ამბები