სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული იყო

 სასამართლოს გადაწყვეტილებით, მეჩეთის მშენებლობაზე ბათუმის მერიის უარი დისკრიმინაციული იყო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის მერიის მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება დაადგინა.

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ მუსლიმი თემის სარჩელი ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ დაადასტურა დისკრიმინაციის შემთხვევა და ქალაქის მერიას დაავალა ხელახლა განიხილოს დოკუმენტაცია, რომლითაც მუსლიმ თემს მშენებლობის ნებართვის პირველ ეტაპის დაკმაყოფილებაზე მუნიციპალიტეტმა უარი უთხრა.

ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი და ქართველ მუსლიმთა კავშირი მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ, ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დისკრიმინაციის აღიარება იყო მნიშვნელოვანი მოვლენა და ისინი სამართლებრივ ბრძოლას გააგრძელებენ.

„კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით, თუ მერია დოკუმენტებს გადახედავს და ისევ უარს იტყვის, მაშინ ჩვენ ჩვენი ძალებით შევეცდებით ავაგოთ მეჩეთი, გამოვა 10 ათასი კაცი და უნებართვოდ დაიწყებს მშენებლობას“, – განაცხადა ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის ხელმძღვანელმა ნოდარ პაქსაძემ.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არ დასწრებია.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობას მუსლიმი თემი წლებია ითხოვს. მათ საკუთარი სახსრებით შეიძინეს მიწის ნაკვეთიც, თუმცა ბათუმის მერიამ მშენებლობის ნებართვის პირველივე ეტაპზე, მუსლიმ თემს უარი განუცხადა. სწორედ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში.

1tv.ge

მსგავსი ამბები