• 25.01.2020

გიორგი გახარია: ყველაფერი მისაღებია ომის გარდა

 გიორგი გახარია: ყველაფერი მისაღებია ომის გარდა

არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ამის გათვალისწინებით. ყველა ის შედეგი, იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო პლატფორმები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ზრუნვაა ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს. არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად საოკუპაციო ხაზი გადალახა და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც ასეთი, ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი გახარიას თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა საქართველოს ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. „ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებებს უნდა მივყვეთ და შევასრულოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა, „ელჩების კონფერენცია 2019 – საქართველო – ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა საერთო ღირებულებების, უფლებებისა და თავისუფლებისთვის” მიმდინარეობს.

მსგავსი ამბები