• 16.12.2019

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ბრიუსელში პირველად გამართა. მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს.

ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, სადაც ავღანეთთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

ამავე შეხვედრაზე RSM-ში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო, რომელიც ნატოს სანდო პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს.

ბრიუსელში გამართული მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი უცხოელ კოლეგებსაც შეხვდა და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ფინეთის, პოლონეთის, გერმანიის, შვედეთის, უკრაინისა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრებთან ერთად იმსჯელა. აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენელთან, ელჩ ქეი ბეილი ჰაჩისონთან ისაუბრა.

მსგავსი ამბები