• 01.04.2020

“რიყის დოქები” აუქციონზე გაიყიდება

 “რიყის დოქები” აუქციონზე გაიყიდება

ეკონომიკის სამინისტრომ საპრივატიზაციო ნუსხაში ე.წ. “რიყის დოქები” პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში შეიტანა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ამ ობიექტს გარკვეული მომზადება დასჭირდა. თავს დროზე, საკმაოდ ძვირი დაჯდა მისი მშენებლობა. სამწუხაროდ, დღემდე ამ ობიექტმა, მიუხედავად იმისა, რომ დიდი თანხები დაიხარჯა მის შექმნაში, ვერ იპოვა თავისი გამოყენება, ფუნქცია, არადა ძალიან თვალსაჩინო ადგილზე, თბილისის შუაგულშია განთავსებული, ტურისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილზე. აქედან გამომდინარე, სწორია, შევეცადოთ გამჭვირვალე პრივატიზების გზით ბიზნესთან პარტნიორობაში ვიპოვოთ ამ ობიექტის სწორი გამოყენება, რომელიც ბიზნესისთვისაც სწორი და საინტერესო იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ობიექტი 95 მლნ ლარად შეფასდა. ობიექტი შეფასებულია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ. მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ბიზნესჯგუფები დაინტერესდებიან. „რიყის დოქების“ მშენებლობაზე, რომელიც 2012 წელს დასრულდა, 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. ობიექტი ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. შენობა 15 ათას კვადრატულ მეტრ მიწის ფართობზეა განთავსებული.

/report.ge/

მსგავსი ამბები